ამ კაცს სახლიდან გამოსვლა უნდა ავუკრძალოთ, თუ ვინმესთან დალაპარაკება?- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საინტერესოა, რომ დღეს კიდევ ერთი ახალი თემა გაქვთ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. მე პირიქით დაგისვამთ კითხვას, ამ კაცს სახლიდან გამოსვლა უნდა ავუკრძალოთ, თუ ვინმესთან დალაპარაკება? ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს მაგალითად, გარი კასპაროვთან ავუკრძალოთ მეგობრობა? რუს ოპოზიციონერებთან, რომლებიც პუტინის რეჟიმს ებრძვიან და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანთან აქვს მას კომუნიკაცია. ახლა ფეიგინთან თუ ექნებოდა ჩართვა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე ისაუბრებდა, ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ნუ ნერვიულობთ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა, ჩაერთოს, გავიდეს-გამოვიდეს, სახლში ვერ ჩაიკეტება.
პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს და ა.შ. – ამაზე საუბრობთ უკვე ოცი დღეა, თუ თვე და ოცი დღეა. სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებსაც ყველამ ერთად უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად ის, რომ ივანიშვილი ყოველ დღე აღარიბებს ქვეყანას, ყოველდღიურად უკიდურეს მდგომარეობაში აგდებს მოსახლეობას, ასევე კლავს ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება მოიტანა, ვგულისხმობ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, საქართველოს დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ.