კობახიძემ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რათა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში.
„მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საგანგებოდ გამოვეხმაურო „რუსული ოცნების“ თავმჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი თოჯინის, ქართველი ხალხის ღირსებისა და ისტორიის შეურაცხმყოფელ და პრორუსულ განცხადებას. გუშინ „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, როდესაც შენს სამშობლოს, მიწას თავს ესხმის იმპერია, რომლის მიზანია შენი ხალხის წარსულის, ტრადიციების, აწმყოსი და იდენტობის არსებობის გაქრობა. ამიტომ იმ ქვეყნის შვილს, რომლის ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არ აქვს იმაზე დიდი სურვილი და მიზანი, ვიდრე სამშობლოს დეოკუპაცია და გაერთიანებაა.
არ აქვს მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რათა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში. არ არსებობს უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ერთიანი სამშობლოსი, სამართლიანი გარემოსი და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში ცხოვრების უფლება. არის კითხვა: რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო იყოს ერთიანი? რა არის წინაპირობა საქართველოს ერთიანობის? პასუხი ცალსახა და მარტივია, რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. თუ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, ჩვენ, საქართველოს, გვეძლევა შანსი, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ რუსეთი ამყარებს მშვიდობას ისეთივეს, როგორიც იყო ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და ასე შემდეგ, მაშინ საქართველო არათუ გაერთიანდება, არამედ დაისმება შეკითხვა: არსებობს კი საქართველო? მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, რადგან ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი. მარცხდება, რადგან რუსეთის ეკონომიკა არის ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის ორი პროცენტი და მას უპირისპირდება სრულიად ცივილიზებული სამყარო. მარცხდება, რადგან ცივილიზებული სამყაროსთვისაც რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის. მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხისა და მათ შორის გმირი ქართველი მებრძოლების თავგანწირვით. რუსეთი მარცხდება უკრაინაში, მან დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის ოლქები. რუსებმა დატოვეს ხერსონი, ლიმანი, იზიუმი და ბოლო რუსი ჯარისკაციც აუცილებლად დატოვებს უკრაინას. რუსეთი ობიექტურად მარცხდება და მისი დამარცხება არის გარდაუვალი.
ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების მკვეთრ ზრდას, მათ შორის უახლესი შორსმსროლელი მძიმე შეტევითი შეიარაღების ნაწილში. რუსეთი მარცხდება და ეს ჩანს თუნდაც რუსეთის სამთავრობო არხებზე, სადაც სრული ისტერია აქვთ რუს პროპაგანდისტებს. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტი გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა „რუსული ოცნება“ არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
ამიტომ მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და თავისი ქვეყნის გაერთიანებისკენ, ერთიანი საქართველოსკენ და ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის. საბოლოოდ, პუტინის ლაქია მსახური კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.