დეკემბერში ბათუმში ახალი ქართული როკ - ოპერის მინდია ხითარიშვილის `თავფარავნელის ბალადის~ პრემიერა იგეგმება. ქართული მუსიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორიგინალური ქართული როკ-ოპერა სცენიურად ხორციელდება.
პროექტის იდეის ავტორია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე, რომელმაც შესთავაზა ახალგაზრდა კომპოზიტორს მინდია ხითარიშვილს თამაზ ჭილაძის პიესის „თავფარავნელის ბალადის" მიხედვით დაეწერა როკ-ოპერა. პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და მასში იმთავითვე ჩაერთო კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი, ლიბრეტოს ავტორია ირმა გურიელი და რეჟისორი გიორგი თავაძე. აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭილაძის პიესა ჯერ არც ქართულ დრამატული თეატრების სცენებზე განხორციელებულა და ამ სიუჟეტზე განსხვავებული მუსიკალურ-სიუჟეტური ლიბრეტო შექმნა პოეტმა ირმა გურიელმა.
„სამი წელია გაჩნდა იდეა შეგვექმნა ახალი ქართული როკ ოპერა და დაგვედგა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე შეიქმნა მუსიკა, ლიბრეტო და დამთავრდა გაორკესტრება, ახლა კი დავიწყეთ მისი სცენაზე გადატანა. მუსიკას და ლიბრეტოს ათი თვის განმავლობაში ერთად წერდნენ მინდია ხითარიშვილი და ირმა გურიელი, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა რეჟისორი გიორგი თავაძეც... პარალელურად მიმდინარეობდა ვოკალის რეპეტიციებიც სოლისტებთან და გუნდთან ერთად"- აცხადებს პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე.
მინდია ხითარიშვილის ორ მოქმედებიან როკ ოპერას ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალაგზრდული მუსიკალური თეატრის ბაზაზე რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატი გიორგი თავაძე დადგამს. რეპეტიციები ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე უკვე დაწყებულია. სპექტაკლის დამდგმელი მხატვრები არიან გოგლა გოგიბერიძე და ლუკა ბესელია. რა იქნება დადგმის მთავარი ინტრიგა, ამ კითხვაზე რეჟისორმა გიორგი თავაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: `ორიგინალური მუსიკა, მკვეთრი განსხვავება ლიბრეტოსა და ლიტერატურულ პირველწყაროს შორის, რადიკალურად განსხვავებული მხატვრული სახეები და ფინალი, თუმცა მთავარ ინტრიგას მაყურებელი პრემიერაზე ნახავს.~
სპექტაკლში ოცამდე სოლისტი და ორმოცამდე გუნდის მომღერალი მონაწილეობს. ვოკალის რეპეტიციებს დასთან ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მთავარი ქორმესიტერი მამანა ჩაუშბა გადის. გაორკესტრება კი თავად კომპოზიტორს მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის. ორკესტრის სოლისტებია ედიშერ ლომაძე (გიტარა), ზურა ბაღდადიშვილი (დოლი და ტამტამები), გიორგი მალაყმაძე (დუდუკი). მთავარ პარტიებს ასრულებენ: თეა გელოვანი (ნანო), რამაზ ვარშანიძე (თავფარავნელი), პაატა აბესლამიძე (მტავარი), პაატა ფაცია (მთქმელი, მასხარა), ირაკლი გვარჯალაძე (სიკა), მარიანა ჩაუშბა (იმედი), ლაშა მოისწრაფიშვილი (ბახუტა), ირაკლი გოგიტიძე, გივი გიგინეიშვილი (სიმართლე).
მინდია ხითარიშვილის როკ ოპერაში „თავფარავნელის ბალადა" მოქმედება ხდება ზღაპრულ კუნძულ აშკარეთზე. კუნძული ბროლისაა და მასზე ბროლისავე სასახლე დგას. აქ დრო გაყინულია. არ არსებობს წელიწადის დრონი. ხალხი არ იცვლება. ბავშვები არ იზრდებიან. კუნძულის მკვიდრნი ჩუმად ღმერთს ევედრებიან, რომ ეს კუნძულიც სხვების მსგავსად დაატრიალოს, გააცოცხლოს, რათა მოესწრონ შვილების გაზრდასა და დავაჟკაცებას.
აშკარეთის მთავარს, სასტიკად აკრძალული აქვს ამ საკითხზე ხმის ამოღება, რადგან გაგონილი ამბის ეშინია-თავფარავნიდან ზღვას დოლაბით გადმოსცურავს თავფარავნელი ჭაბუკი, დოლაბივით დაატრიალებს კუნძულ აშკარეთს, ბროლის კოშკი დაიმსხვრევა, გაცოცხლდება წელიწადის დრონი და კუნძულ აშკარეთზე კვლავინდებურად სიციცხლე დაისადგურებსო. ზღვის გადმოცურვა კი ვერავის შეუძლია, მაგრამ ვერაფერს უხერხებს მტავარი მის ძმის შვილს, რომელიც ყოველ დღე სიზმრად ხედავს თავფარავნელ წაბუკს. იგი სიზმარზში ნანოს დოლაბით ზღვის გადმოცურვას ჰპირდება. თავფარავნელი მართლაც გამოჩნდება, რომელიც გადმოცურავს ზღვას. იგი სიყვარულმა გადაარჩინა. წაბუკი დაატრიალებს კუნძულს, აშკარეთი დოლაბივით იწყებს ტრიალს, ინგრევა ბროლის კოშკი, კუნძული ცოცხლდება, აშკარეთში უკვე გაზაფხულია. ზეიმობს სიცოცხლე და სიყვარული. როკ ოპერის ფინალში ჟღერს უფლის სადიდებელი ჰიმნი სიკეთესა და სიყვარულზე.
"თავფარავნელის ბალადა" არა მხოლოდ პირველი ქართული როკ-ოპერაა, რომელიც სცენიურად განხორციელდება, არამედ ყველაზე მასშტაბური მუსიკალური პროექტი ამ ჟანრში. ქართული, თუნდაც უცხოური როკ ოპერა საქართველოში სრული სახით პირველად იდგმება ქართულ სცენაზე ქართველი შემსრულებლების მიერ. თუმცა ქართული მუსიკის ისტორიაში იყო მცდელობა როკ-ოპერის დადგმის. ეს იყო იოსებ ბარდანაშვილის მცირე როკ-ოპერა `ალტერნატივა~, რომლის ლიბრეტოს ავტორიც ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა იყო და ის საკონცერტო შესრულებით შეასრულა ანსამბლმა "75"-მა.