ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამირ ხან მუთაქი ქაბულში შეხვდა აშშ-ის დელეგაციას, რომელსაც მძევლების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ადამ ბელერი ხელმძღვანელობს.
„თალიბანის“ მიერ კონტროლირებადი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები ორმხრივ ურთიერთობებს, მოქალაქეების სტატუსს, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ავღანეთში სხვა პერსპექტივებს მიეძღვნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიებს ორივე ქვეყანაში პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების შესახებ.
მათ შორისაა ბიზნესმენი, მაჰმუდ ჰაბიბი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა - აშშ-სა და ავღანეთის დარომელიც ადრე მუშაობდა ქაბულში ტელეკომუნიკაციების კომპანიაში და, სავარაუდოდ, ავღანეთში პატიმრობა აქვს მისჯილი.
თალიბები უარყოფენ, რომ ის მათ დააკავეს. თავის მხრივ, „თალიბანი“ მუჰამედ რაჰიმის, გუანტანამოს ყურეში აშშ-ის ციხეში მყოფი უკანასკნელი ავღანელის, გათავისუფლებას ითხოვს.
ის იქ 2008 წელს ბრალდების გარეშე მოათავსეს.
მედიამ მას „უსამა ბინ ლადენის სპეციალური თანაშემწე“ უწოდა.
ქაბულში აცხადებენ, რომ ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე ერთად მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას.
ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ახლა კარგი შესაძლებლობაა ურთიერთობების ნორმალიზებისა და ორმხრივ ურთიერთობებში ისეთი რთული საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
ამერიკული დელეგაციის წინა ვიზიტი ავღანეთში 2025 წლის მარტში შედგა.
შედეგად, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ავღანეთში, ტყვეობაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს. ყატარის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას თალიბანმა „ჰუმანიტარული“ ჟესტი და „კეთილი ნების ნიშანი“ უწოდა.