საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი. უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, მათ სხვებმა შეუვსეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თვითონ კითხვარის პასუხების შინაარსიდან ძალიან მარტივად ჩანს, რომ საქართველო არის ერთი თავით მაღლა როგორც უკრაინაზე, ასევე მოლდოვაზე. მაშინ ეს დეტალური კითხვარი არც შეფასებულა, ეს შეფასდება ახლა და უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ანგარიში.
დეტალური შეფასების დროს ვერავინ გაექცევა იმას, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. საბოლოო ჯამში პოლიტიკური დასკვნა რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში ვერავინ გაექცევა იმას, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე დანარჩენი ორი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.