2010 წელს კახეთის რეგიონში მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კახეთის რაიონული საავადმყოფოებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის 3000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მეტი, 628 შემთხვევა გურჯაანის რაიონზე მოდის.
„2010 წელს საავადმყოფოში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის 628 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს რიცხვი, გასულ წელთან შედარებით მკვეთრად მომატებულია. 2009 წელს საავადმყოფოში 474 ასეთი შემთხვევა იყო რეგისტრირებული", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონული საავადმყოფის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მაწანწალა ძაღლები ქალაქის ცენტრებშიც ჯგუფ - ჯგუფად დარბიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო განყოფილების უფროსის ნინო ქაჩლიშვილის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში, მაწანწალა ძაღლების დასაჭერად და ლიკვიდაციისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არც 2009 წელს იყო გათვალისწინებული.