მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი საუბარი არ შემდგარა.
„ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე, ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი? არ ვიცი, მე ჟურნალისტმა რაც მითხრა ის ვიცი. არ მომისმენია. არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. არ ვადასტურებ ავთენტურობას. ალბათ არა, არ მგონია. არ მომისმენია. პარაზიტები არიანო მე ვამბობ? ჰაჰ, რა საინტერესოა. რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, რადგან პროცესები მიდის, რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს? „რუსთავი 2“-ს უჩვენებია, არავითარი ეგეთი ლაპარაკი არ ყოფილა“, – განაცხადა ალასანიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.
„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.
ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.