თიანეთის რაიონში, ხაშარის მთაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას დღეს საღამოსთვის ვარაუდობენ.
როგორც ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რაიონის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის 80-მდე % ლიკვიდირებულია.
მისი თქმით, ხაშარის მთაზე გაჩენილ ხანძარს რაიონის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამსაშველო სამსახურის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ძალებით მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თიანეთში ტყეს ცეცხლი 6 დეკემბერს გაუჩნდა. მიზეზი, სავარაუდოდ, მონადირეთა დაუდევრობა გახდა.
ხანძარმა ამ დროისთვის დაახლოებით 50-მდე ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა. ცეცხლი ალპურ ზონაში ბალახსა და ტყის ნეშომპალას უკიდია. წიწვოვან ხეებს საფრთხე არ ემუქრება.