საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობასა და მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარი ეკონომიკის გაჯანსაღების წამყვან ფაქტორად დაკრედიტებისა და მიგრაციული ნაკადების ზრდის ფონზე, მთლიანი მოხმარების ზრდას განიხილავს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებითა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მიერ ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. პესიმისტური სცენარი განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური პირობების გამკაცრებიდან წამოსულ წნეხს ითვალისწინებს, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებითა და რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებასთან დაკავშირებული გაურკვევლობით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო პერიოდის განმავლობაში ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები კვლავ ნარჩუნდება.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.