„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის ვერ იქნება განსაკუთრებით საინტერესო მოვლენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც ამ პარტიაში ხდება, არის საოცრება. გუშინწინ დატოვა პარტია ნონა მამულაშვილმა და თავმჯდომარის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. სრული ქაოსია, რაც კარგია იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია. რაც მეტი განხეთქილება, ქაოისი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში. საინტერესოც არ არის ამ პოლიტიკურ პარტიაში რა ხდება. საინტერესოა ერთადერთი ის, რომ ეს პარტია თანდათან სუსტდება, ამას უყურებს საზოგადოება და ეს არის კარგი, რომ ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას, ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და გააკეთებს არჩევანს სრულ სიბნელესა და სინათლეს შორის. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს, ყველანაირი გაგებით“, - აღნიშნა კობახიძემ.