სოციალური ბარათის მქონე მოსახლეობას ამიერიდან ახალი სავაჭრო ობიექტი "ნუგეში" მოემსახურება. ნუგეშის სავაჭრო ობიექტებში 100-ზე მეტი დასახელების უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტი და პირველადი მოხმარების საქონელი გაიყიდება, რომელიც 10-20 პროცენტით უფრო იაფი იქნება, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში.
მენეჯმენტის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე თბილისში 80-მდე თანამედროვე ტიპის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი, ერთიან მონაცემთა ბაზაში ჩართული კომპიუტერიზირებული ელექტრონული სალარო აპარატით. შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტრო სასწორით და თერმული პრინტერით.
"ნუგეში" მომსახურეობით სარგებლობა შეეძლებათ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი.
ხვალიდან, 8 დეკემბრიდან ამუშავდება ნუგეშის ცხელი ხაზიც ნომერზე: 49 21 21, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ფასების და მისამართების შესახებ.
როგორც მენეჯმენტი აცხადებს, "ნუგეშის" სავაჭრო ქსელში არ მოხდება ფასების დამრგვალება. მაგალითად, თუ პურის ღირებულებაა 47 თეთრი, მომხმარებელი მასში გადაიხდის 47 თეთრს და არა 50-55 თეთრს, რაც მხოლოდ ამ შემთხვევაში დამატებით 6-დან 15 პროცენტამდე დანაზოგს გულისხმობს.
"ნუგეშის" ქსელში მოხდება პროდუქციის ხარისხის, ვადების და ზუსტი წონის მკაცრი კონტროლი. სავაჭრო ქსელში გადახდა იწამოებს მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათებით.
სავაჭრო ქსელში გაიყიდება როგორც ადგილობრივი წამყვანი მწარმოებლების (კოლხი, ბარამბო, ეკოფუდი, მინისა და მინერალური წყლების კომპანიის და სხვა) პროდუქცია, ასევე მაღალხარისხიანი იმპორტირებული პროდუქცია, რომელზედაც საქართველოში მზარდი მოთხოვნაა.
სავაჭრო ქსელში თბილისის მასშტაბით 500-მდე ადამიანი დასაქმდება რომლებიც თბილისის მერიის დასაქმების პროგრამიდან შეირჩევიან.
უკვე ცნობილია, რომ ახალი სავაჭრო ობიექტები 15 დეკემბრიდან გაიხსნება და დეკემბრის თვეში სავაჭრო ობიექტში მაწვნის ფასი 1,24 თეთრი, კვერცხი 0,22 თეთრი, ხაჭო 1,33 თეთრი, ზეთი 3,32 თეთრი, ბორჯომი 1,6 თეთრი და ა.შ. ობიექტები დილის 9 საათიდან 20 საათამდე იმუშავებენ.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენ და ჩვენი ბიზნეს პარტნიორების, ადგილობრივი მწარმოებლებს და იმპორტიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ პროექტის წამოწყება. გარდა იმ ფაქტის,ა რომ ნუგეშში გაიყიდება უმაღლეს ხარისხის საკვები და პირველადი მოხმარების საგნები 10-20 პროცენტით უფრო დაბალ ფასად ვიდრე ძირითადად სავაჭრო ობიექტებში. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი რომ ეს თანამედროვე საბარათე გადახდის სისტემით აღჭურვილი ობიექტები განთავსდება თბილისის ყველა უბანში, რაც კიდევ დამატებითი დანაზოგი იქნება როგორც დროის ასევე თანხის მხრივაც სოციალური ბარათების მქონე პირებისათვის," - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა დავით ჟღენტმა.