იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან რაც მოვისმინე, განწყობა კარგია, სწორია. ე.ი. ადამიანები ამბობენ, რომ უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები სასამართლოში და სასამართლომ განიხილოს, სწორია, აბა ვინ უნდა განიხილოს?, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და საჭიროა, მისი გადაყვანა.
ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს უკვე ჰყავს ჩამოყვანილი უცხოელი ექიმები.
„ჩვენ საერთოდ არ გვიხსენებია დიაგნოზი, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, როგორ არის. დიაგნოზებზე ნამდვილად არ გვისაუბრია, უბრალოდ, მაინტერესებდა, მენახა როგორ არის, რადგან გუშინდელი დღის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც კარგად არ იყო, ახლა არა უშავდა, შედარებით. სიცხე ისევ ისე აქვს, როგორც ყოველთვის, 37 და 7 ჰქონდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან ყველაფერი ვერ მოვისმინე, მაგრამ რაც მოვისმინე, მგონი, განწყობა კარგია, სწორია. ე.ი. ადამიანები ამბობენ, რომ უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები სასამართლოში და სასამართლომ განიხილოს. სწორია, აბა ვინ უნდა განიხილოს? ჯერ უნდა შეუწყდეს ეს საქმე, შემდეგ უნდა გადაიყვანონ, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს სასამართლო. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მან უნდა განიხილოს, მე ამას ვეთანხმებოდი. თუ ასეთი შემთხვევა არც ყოფილა ჩვენი გამოცდილებით, ახლა არის ეს გამოცდილება, გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღმოჩნდა პაციენტი, რომელსაც აქვს ეს შემთხვევა, რომელიც როგორც გამოირკვა, აქ არ განიკურნება. ეს ყველა ექიმის აზრია, რაც აქამდე მომისმენია. ჩვენ უკვე გვყავს ჩამოყვანილი ექიმებიც და გვაქვს ეს დასკვნებიც, თან არაერთი, რამდენი შეიძლება ჩამოვიყვანოთ?“, – განაცხადა ალასანიამ.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მას ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში“.