ყველა კანდიდატმა მისი პირადი ღირსებიდან გამომდინარე უნდა აკეთოს შესაბამისი განცხადებები, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია.
„ზურაბ ჭიაბერაშვილი არც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი შემოიფარგლება იმით, რომ ეს არის მისი პირადი სურვილი, ოცნება, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებში და მხარდამჭერებში ეს რაიმე სერიოზულ ენთუზიაზმს და გამოძახილს პოვებს. ყველა კანდიდატმა მისი პირადი ღირსებიდან გამომდინარე უნდა აკეთოს შესაბამისი განცხადებები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხმა პარტია უნდა გააერთიანოს და საუბარი იმაზე, რომ არჩევის შემთხვევაში ვინ ვის გააგდებს და ვინ ვის გვერდზე არ იმუშავებს, ყოვლად უპასუხისმგებლოა“, - თქვა ბეჟაშვილმა.