ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია. ამის შესახებ მან გუშინ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ჭიაბერაშვილმა პარტიის არჩევნებში კენჭი იყაროს, რაზეც მან უპასუხა, რომ ამაზე უფიქრია და "ახლაც ფიქრობს".
"მინდა განვმარტო, რაკი ეს კითხვა ისმება: პირველი ჩემი მოტივაცია არის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი განისაზღვროს ისე, როგორც მე ეს წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ერთგვარი ქოლგა პარტია, თუ დიდი პლატფორმა, რომელშიც თავი უნდა იპოვოს ძალიან ბევრმა ჯგუფმა.
მეორე - ზოგჯერ ის კონკურენცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არცთუ სასურველ სახეს იღებს. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავუკაროთ არც ნიკას მელიას, არც ლევან ხაბეიშვილს, არც გიორგი მუმლაძეს ის ღირსებები, რაც მათ გაუკეთებიათ... მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო ამ პარტიისთვის, რომ ის იყოს პლატფორმა, რომელიც შეკრავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს", - განაცხადა მან.
ჭიაბერაშვილმა ევროპული საქართველო 2021 წლის თებერვალში დატოვა. მაშინ პოლიტიკოსი წერდა, რომ აუცილებლად მიაჩნდა, გვერდზე გაწევით გზა მომავალი თაობისთვის დაეთმოთ.
ამჟამად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა.