2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეისერა საქართველოზე", ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.
სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, სს „პეისერა საქართველოს“ ფილიალები და სერვის ცენტრები საქართველოს ტერიტორიაზე არ ექნება.
ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.
სს "პეისერა საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება. მიმდინარე ეტაპზე ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში.
ცხრილი. ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი საქმიანობის პირველ ეტაპზე.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.