ოდიოზური ევროპარლამენტარების მორიგ განცხადებას, ჩვენთვის პირადად არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტისთვის 12 ევროპარლამენტარის მიმართავის შესახებ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ ევროპარლამენტარებს კომენტარი არ გაუკეთებიათ მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რეზიდენტს უწოდებდა.
„შეგახსენებთ, როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით, კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს ისინი ამ რეზიდენტს, გვარამიას სიტყვებს ვიმეორებ, სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვქთვათ ყველაფრის დამახინჯებაა, რაც უკავშირდება ქართულ პოლიტიკას. ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადება ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვიდი მილიონის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება არარელევანტურია.
„ნიკა გვარამია არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად, ეს ოპოზიციური პარტიები სუბიექტურად არიან დაინტერესებული, რომ გვარამია სწორედ ასე მოიხსენიონ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. სინამდვილეში ყველამ იცის რაშიც იყო საქმე. კერძოდ, ეს ადამიანი ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შვიდი მილიონის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოოხსენიება არის სრულიად არარელევანტური“, – განაცხადა კობახიძემ.
12-მა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს გუშინ მიმართა, რომ პრეზიდენტმა განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება.