პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის პირველადი ტექსტი არის დაბალანსებული და ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.
თუმცა, კობახიძის თქმით, ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები ცდილობენ, აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ ამ რეზოლუციაშიც.
„ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რასაც ვაკვირდებოდით წინა წლების განმავლობაში. ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ინიცირებულია ამ ოდიოზური ევროპარლმენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რამენაირად ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, საზოგადოებას აქვს საკუთარი პრიორიტეტები და ვერანაირი ასეთი მცდელობა ჩვენ ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს. რეალურად „ნაცმოძრაობას“ ქვეყნის გარეთ არ ჰყავს მოკავშირეები, ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მოკავშირეები და გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. ისინი არანაირი „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არ არიან, „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არანაირი რესურსი, მათ ასეთ დონეზე, საგარეო ფრონტზე იმუშაონ. რეალურად, ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები უფრო მეტად კი, „ნაცმოძრაობა“ არის ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე ისინი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეები. გამგები გაიგებს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გლობალური ომის პარტია, რომლის წარმომადგენლები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რაც სამწუხაროდ ახლა უკრაინაში წარიმართება. ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი, ამოცანები და გავაგრძელებთ ამისთვის მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.