პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით წელს ქვეყანამ იარა - მარშით: ადგილზე ნაბიჯით "იარ!".
"როცა წინსვლა არ არის, ეს შესაძლოა, უკუსვლის ტოლფასი იყოს. პროცესი ნიშნავს იმის აღდგენას, რაც იყო, მაგრამ როცა მოძრაობა არ არის, ეს მოწინააღმდეგე მხარის მცირე, მაგრამ მაინც წარმატებაზე მიუთითებს. ამდენად, ნაბიჯით ადგილზე სიარული არ შეიძლება მომავალ წელსაც გაგრძელდეს", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოზე კომენტირებისას.
მისი შეფასებით, რეალიზმი არის ის, რაც წლევანდელ წელს საქართველოში დეფიციტს წარმოადგენდა.
"მთელი წელი გავატარეთ იმის გარკვევაში, რას ნიშნავს ტერმინი "ოკუპაცია" ინგლისურ ენაზე და არის თუ არა ის იმავე დატვირთვის მატარებელი, როგორც ქართულად და რუსულად. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველა ნაბეჭდი პროდუქცია რესტორნების მენიუს ჩათვლით უნდა იყოს დამშვენებული წარწერით - "საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია". არ ვიცი, პოლიტიკური თვალსაზრისით ამაში რა მიმზიდველობაა ან რესტორანში შესვლის დროს უცხოელ ტურისტებს ეს რამდენად მოჰგვრის უფრო ძლიერ მადას, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობასთან ასეთი შეუთავსებლობა არცთუ იშვიათია", - განმარტა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, "როცა დრო გადის და მცდარი მოლოდინი ფუჭ მოლოდინად წარმოჩინდება, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ძნელი ხდება".