ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვადა 30 დღით განისაზღვრება. 
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში შედის. 
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დამრღვევს ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ვადა 30 დღე ეძლევა, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შეტყობინების მიღებიდან - 15 დღე. 
იმ შემთხვევაში, თუ პირი დადგენილ ვადებში ქონებრივ ზიანს არ ანაზღაურებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოხდება იძულებით აღსრულება. 
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, პროექტით წარმოდგენილი ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება მოხდეს "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით და იგი წარმოადგენდეს სააღსრულებო დოკუმენტს. 
კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები ლაშა თორდია და კახაბერ ანჯაფარიძე არიან.