ნიკა გვარამიას მიმართვა ოპოზიციას და ოპოზიციის კრიტიკოსებს - "მთავარი არხის" დაპატიმრებულმა გენერალურმა დირექტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების გახშირებულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს კრიტიკა ხშირად უსამართლო და არარაციონალურია. ნიკა გვარამიას თქმით, საზოგადოებას თავის აქტიურობით თავადაც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა და მხოლოდ ოპოზიციის სისუსტეზე აპელირება, კიდევ უფრო ასუსტებს მას, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობს:
"ოპოზიციის კრიტიკა გახდა თვითმიზანი. ბოდიშს გიხდით ყველას, ამის თქმისთვის მაგრამ ეს ასე გამოყურება. კრიტიკის მიზანი არის გარემოს გაუმჯობესება. ოპოზიციის კრიტიკა გახდა ასე, რომ უნდა დაასტუკო და წახვიდე, დაახლოებით ეგეთი ფორმა მიიღო. ჩემზე მწვავე კრიტიკოსი ძაან ცოტა ყავს, მაგრამ მეგობრებო, კონტექსტი ცვლის შინაარსსაც და სათქმელის დროსაც და ფორმასაც. კონტექსტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შინაარსი. ეს ხდება ხოლმე და ეს ახლა ნამდვილად ასეა.
ოპოზიცია, მე იმასაც კი არ ვიტყვი, რომ ისეთი გვყავს, როგორიც გვყავს, როგორიც საზოგადოებაა. ამის თქმა მე არ მინდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ოპოზიცია ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ომის წინანდელი, ერთი დღით ადრინდელი უკრაინული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ, როდესაც გარე პრობლემები დაემთხვა, როგორ გაიშალა ეს ოპოზიცია ჩვენ ვხედავთ, ის ხელისუფლება თუნდაც. ხელისუფლებაში 1 წლის მოსულიც არ იყო ხომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება?
მე მაგალითად როცა ამას ვუყურებ უცებ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ერთ დღესაც უკან მოვიხედავ და სრულიად მოშიშვლებული იქნება პოლიტიკური ზურგი, ჩვენი იმ ადამიანების, ვისაც გვინდა ხელისუფლების შეცვლა, გვინდა პროდასავლური სახელმწიფო. ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად არის, შესამჩნევია, ზედაპირზეა, მაგრამ ეს სისუსტეები ამგვარი დამოკიდებულებით კიდევ უფრო ღრმავდება და ზოგჯერ ეს დამოკიდებულებები სამწუხაროდ არის უსამართლო. ზოგჯერ სამართლიანი, მაგრამ უკონტექსტო“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
მან დარბაზში მყოფ ოპოზიციონერებსაც მიმართა და უთხრა, რომ ახლა საუკეთესო დროა გაერთიანებისთვის და კრიტიკული მედიის გვერდში დგომისთვის.
ნიკა გვარამიამ სახელისუფლებო მედიის კოლოსალურ დაფინანსებასთან შედარებით, კრიტიკული მედიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა:
"მე ოპოზიციასაც მინდა ვთხოვო რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ ისეთი დროა ახლა გაერთიანების, როგორც ალბათ არასდროს არ ყოფილა, ეს კრიტიკაც აუცილებლად დასრულდება, რაღაცა ახალი გჭირდებათ მეგობრებო, რომ გადაიტვირთოს თვენი შიდა რესურსებიც და საზოგადოების დამოკიდებულებაც თქვენს მიმართ. ამას თქვენი შინაგანი ენერგია სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა, შეიძლება ეს ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს და ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა და არა მარტო შესაძლებლობა.
ჩემს არხთან დაკავშირებითაც და ზოგადად კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებითაც, ოპოზიციას ვთხოვდი, ეს არ არის მიუღწეველი ამოცანა, ეს არის ლოკალური ამოცანა, ძაან დიდი ძალისხმევა არ სჭირდება ამ ამოცანის შესრულებას, რომ ეს არხები გადარჩეს. მარტო ჩვენს არხზე, არც მარტო კავკასიაზე არ ვლაპარაკობ, ყველას უჭირს ახლა კრიტიკულ მედიას.
ვნახე გამოქვეყნებული, 102 მილიონი ლარი აქვს თურმე "იმედს". "რუსთავი 2"-ს ჰქონდა ყველაზე დიდი 50 მილიონი ლარი, საერთოდ შედარება შეუძლებელია რეიტინგების, რუსთავი 2- ს ჩვენზე ორჯერ მეტი დაფინანსება და ორჯერ ნაკლები რეიტინგი აქვს. არც მოველოდი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ ვილაპარაკებ, რომელიც სხვათა შორის იმედს სჯობია ხარისხითაც.
ჩვენი გადარჩენაც შეუძლია საზოგადოებას. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ საზოგადოებამ დანიშნა ოპოზიცია განტევების ვაცად იმიტომ, რომ საკუთარი უუნარობის და კონსოლიდაციის შეუძლებლობის აღიარება არ უნდა, როგორც ყველას არ უნდა თავის სისუსტეების აღიარება და მონახა ის, ვისაც შეიძლება მართლა პრობლემები აქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა დაბრალდეს. ეს არ არის სამართლიანი. ეს არ არის რაციონალური.
მე ოპოზიციის მიმართ ბევრი პრეტენზია მაქვს და პირადად ვეუბნები როცა ჩემთან მოდიან, თუ მოდიან და ვინც მოდის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისეთ კონტექსტში უნდა ვთქვათ ეს, რომ მხოლოდ დაასუსტებს ოპოზიციას და ოპოზიციის დასუსტება მარტო ბიძინა ივანიშვილს აძლიერებს, სხვა არავის. და ის მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია რომც ჩამოიშალოს მაინც არაფერს არ აკეთებენ და უცებ გაჩნდება ახალი და ყველაფერს შეცვლის, როგორც მინიმუმ არარაციონალურია" თქვა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სხდომა იმართება. დღეს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერს გაიმართება, რომელსაც მხარეები რეპლიკებისთვის გამოიყენებენ. არაა გამორიცხული მეორე ინსტანციამ საკუთარი ვერდიქტი 24-შივე გამოაცხადოს.