საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რატომ არ მიეცა სააკაშვილთან შესვლის საშუალება მის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს ქობის.
როგორც აზარაშვილი ამბობს, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში, განაცხადა, რომ პირმა ვერ წარმოადგინა აუცილებელი დოკუმენტაცია.
აზარაშვილმა უპასუხა კითხვას, რა ხარვეზები დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და რატომ არ აქვს ექიმ ჯეიმს ქობის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება.
„ჯანდაცვის სამინისტრო არა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია რეგულირების სააგენტო და სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. იქნება პაციენტი თუ პატიმარი, ჩვენ მონახულების უფლებას არ გავცემთ. ჩვენ გავცემთ საექიმო საქმიანობის უფლებას. ამ შემთხვევაში, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე. აღნიშნულ კომისიაში თავად არ ვარ. შესაბამისად, სხვა პასუხი არ მაქვს.
დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო, წარმოედგინა საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად, რამდენადაც ვიცი, არასრულყოფილი იყო და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა. აქვე დავაზუსტებ, რომ ძალიან ბევრი განაცხადი იყო, ოთხი თუ ხუთი განაცხადი და აქედან ნაწილი დაკმაყოფილდა, რადგან წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია და საბჭომ ჩათვალა, რომ ლიცენზია უნდა გაეცა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.