უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი.
„აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული.
გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის.
აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს.
უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - წერია ანგარიშში.