რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შემოიღო. არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. ამიტომ არავითარი აუცილებლობა, რომ გადავხედოთ ამ რეჟიმს, ჩვენ არ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას და რიტორიკას, რაშიც რადიკალურ ოპოზიციას არ შევყვებით. არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება. რისკები არ დასტურდება. პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული იმაში, რომ თუ რაიმე რისკები არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. ამას აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები. მარტშიც წარმოაჩინეს სიტუაცია ისე, თითქოს ქვეყანა დაიქცა, თუმცა გავიდა ნახევარი წელიწადი და არაფერი მომხდარა. ასევე ხელოვნურადაა შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟიც“, - განაცხადა კობახიძემ.