ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომი, კიმენატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს კატრინ დენევს გადაეცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კინოფესტივალის დირექტორის ალბერტო ბარბერას წარდგინებით, ვენეციის ბიენალეს საბჭომ მიიღო.
78 წლის მსახიობმა საპატიო ჯილდო 31 აგვისტოს, საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მიიღო.
კატრინ დენევმა განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პატივია ვენეციის კინოფესტივალის ამ საპატიო ჯილდოს მიღება.
კატრინ დენევი ფრანგული კინემატოგრაფის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის ვარსკვლავი თავისი კარიერის დასაწყისშივე გახდა, როდესაც 1964 წელს ფილმ "შერბურის ქოლგებში" ჟენევიევას როლი შეასრულა. ფილმმა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.
ვენეციის 79-ე საერთაშორისო კინოსფეტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური თავმჯდომარეობს.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.