ოსკარისა და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური ვენეციის 79-ე კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ვენეციის კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს.
გადაწყვეტილება ვენეციის ბიენალეს საბჭომ, ფესტივალის დირექტორის, ალბერტო ბარბერას წარდგინებით მიიღო.
"ჯულიანა მურმა კინოში უამრავი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ის არის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, BAFTA-ს და "ემის" მფლობელი და პირველი ამერიკელი ქალი, რომელსაც მიენიჭა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოები ბერლინის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებზე", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
ჯულიანა მური უხელმძღვანელებს საერთაშორისო ჟიურის, რომელის შემადგენლობაშიც არიან:
მარიანო კონი (არგენტინა) რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი
ლეონარდო დი კოსტანსო (იტალია) რეჟისორი და სცენარისტი
ოდრი დიუანი (საფრანგეთი), რეჟისორი
ლეილა ჰათამი (ირანი) მსახიობი
კაზუო იშიგურო (იაპონია-დიდი ბრიტანეთი) ავტორი და სცენარისტი
როდრიგო სოროგოიენი (ესპანეთი) რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი
ვენეციის საერთაშორისო კინოსფეტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.