გერმანია გამოდის წინადადებით, სრულად შეჩერდეს ევროკავშირისა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება. განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 30 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე, რომელიც ბერლინთან ახლოს, მეზებერგის სასახლეში გაიმართა.
ბერბოკის თქმით, ეს წინადადება შეიძლება გახდეს "ხიდი" ორ განსხვავებულ პოზიციას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ერთი მხრივ, წევრი ქვეყნების ნაწილი ითხოვს რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას, მეორე ჯგუფი კი რაიმე სახის სავიზო შეზღუდვის წინააღმდეგია.
ბერბოკის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერების შედეგად, შეწყდება მრავალჯერადი და მრავალწლიანი ვიზების გაცემა.
გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ექნებათ, გადაამოწმონ, რის საფუძველზეა წარდგენილი სავიზო განაცხადი და რა კავშირი ჰქონდა განმცხადებელს რუსეთის მთავრობასთან, ვიზის გაცემამდე.
როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობა იცავს პოზიციას, რომლის თანახმადაც არა მხოლოდ ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს, არამედ სტუდენტებსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რუსეთიდან ევროპაში მოხვდნენ.
მისი თქმით, რუსები, რომლებიც აკრიტიკებენ პუტინის რეჟიმს, არ უნდა დაისაჯონ.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, ბერლინმა და პარიზმა გამოაქვეყნეს ერთობლივი პოზიცია, სადაც რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.
ცოტა ხნით ადრე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას.
შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის 2007 წელს გაფორმდა.
შეთანხმების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შენგენის ვიზის აღება მოესურვებათ, უფრო მეტი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, ვიზის გაცემის საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდა. ამასთან, განცხადებს განხილვის ვადა გაიზრდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.