იმედი მაქვს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რომლებსაც დეტალურად და გულწრფელად ავუხსენით ჩვენი პოზიცია ყველაფერი გაიგეს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის უტყუარობის" დაზუსტებას ცდილობს.
"ის რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია აღიარებულია იმ ფაქტშიც, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ერთად თანასწორუფლებიან წევრებად მონაწილეობენ. რუსეთი აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო კი შუამავლები არიან. ჩვენ აქტიურად ვუჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს", _ აცხადებს ლავროვი.
მისივე განმარტებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები უნდა ეძღვნებოდეს ორ მთავარ საკითხს, რომლებზეც პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ მოილაპარაკეს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში.
"პირველი საკითხი - სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფაა. მეორე საკითხი კი დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისათვის პირობების შექმნა, საერთაშორისო სამართლისა იმ პრაქტიკის გათვალისწინებით რომელიც არსებობს პოსტკონფლიქტური მსოფლიომშენებლობის ფარგლებში სხვა სიტუაციებში. სულ ეს არის ის რაზეც მიდის საუბარი", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება იმას, რომ ეს დისკუსიები "საქართველოს კონფლიქტებთანაა" დაკავშირებული, "როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთავაზობენ".
"ყველაფერი დეტალურად აგიხსენით და დავიმოწმე კიდეც ის შეფასებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. იმედი მაქვს ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებმაც უკიდურესად დეტალური და უკიდურესად გულწრფელი პასუხები მიიღეს გაიგონეს ჩვენი პოზიცია. სხვა გზა არ არსებობს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.