აჭარის მთავრობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
კანონპროექტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინა. მისი მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ცალკეული ხარვეზების გამოსწორება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხების დამატებითი საკანონმდებლო რეგულაცია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის პეტრე ზამბახიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია, მოწესრიგდეს კანონმდებლობაში არსებული ზოგიერთი ხარვეზი და სამართლებრივი კოლიზიის შემთხვევები.
კანონპროექტის ძირითადი არსი არის, შინაური ცხოველების ყოლისა და შენახვის წესების დარღვევის პრობლემა.
როგორც პეტრე ზამბახიძე განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ძაღლები, ღორები, ცხვარი და სხვა შინაური ცხოველები გაშვებულია უმეთვალყურეოდ, გზებზე, ავტომაგისტრალებზე, ქუჩებზე, მოედნებზე. უფრო მეტიც ისინი ხშირად შეგხვდებათ ბათუმის ბულვარში, პარკში, სკვერებში და სხვა დასასვენებელ საზოგადოებრივ ადგილებში.
"აგრეთვე ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიებზე დადიან მაწანწალა ძაღლები. ძაღლები საზოგადოების მასობრივ თავშეყრის ადგილებში დაყავთ ალიკაბისა და საბმელების გარეშე. რაც იწვევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უკამაყოფილებას, ვინაიდან ბულვარში, პარკში, სკვერში და სხვა დასასვენებელ ადგილებში მყოფი ცხოველები, აბინძურებენ მწვანე საფარს, ქვაფენილს და საფრთხეს უქმნიან იქ მყოფ ადამიანებს. ხოლო ავტომაგისტრალებზე ხელს უშლიან სატრანსპორტო გადაადგილებას და არღვევენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. იქმნება საავარიო სიტუაციები, რაც ცუდად აისახება თვითმმართველი ერთეულების ტურისტულ იმიჯზე", - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი ერთეულის და პოლიციის შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უწესრიგობა აღკვეთონ, აღნიშნული ქმედებები სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და კანონის დამრღვევი უნდა დაჯარიმდეს.
შესაბამისად წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ძაღლების, ძროხების და სხვა შინაური ცხოველების ყოლისა და შენახვის წესების დარღვევისთვის კონკრეტულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად მოგვარდება ასევე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადტროციკლით და სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში კანონდარღვევები.
"ბულვარში, პარკში და სკვერებში ხშირია ველოსიპედით და მსგავსი ტიპის სხვა მოძრაობის საშუალებებით სარგებლობის შემთხვევები. ამასთან უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული საშუალებებით სარგებლობა ხორციელდება ქირავნობის საფუძველზე. ანუ პარკთან დგას პირი, რომელსაც გააჩნია რამდენიმე ველოსიპედი ან სხვა საშუალება და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას მისი სასყიდლიანი დროებითი სარგებლობის უფლების განკარგვით. ვინაიდან ასეთი საშუალებით მოსარგებლე პირი გარკვეულ ქირას იხდის განსაზღვრულ დროში იგი დიანტერესებულია ამ მინიმალურ დროში მაქსიმალურად გამოიყენოს ნაქირავები საშუალება. სიჩქარის გამო ველოსიპედი მოსარგებლე პირების მოძრაობა არის უკონტროლო და მოუწესრიგებელი და ადამიანებს არ ეძლევათ ნორმალური გართობისა და დასვენების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, იგი გარკვეულ საფრთხეს უქმნის იქ მყოფთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ბათუმში არაერთი მაგალითი ყოფილა, როდესაც ასეთ მოუწესრიგებელ გადაადგილებებს გარკვეული ინცინდენტები მოჰყოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტი ითვალისწინებს ველოსიპედით, მოტოციკლით და კვადროციკლით წესების დარღვევისთვის ადმინისტრაიცულ პასუხისმგებლობას" ,- განაცხადა აჭარის უმაღლესის საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრე ზამბახიძემ.
მისივე განმარტებით, ჯარიმის ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს სქართველოს კანონმდებლობით ან საკრებულოს მიერ. შესაძლებელია ასევე აიკრძალოს გარკვეულ საათებში. მაგალითად ნებადართული იყოს ასეთი საშუალები სარგებლობა დილის 4 საათიდან 12 საათამდე ან ასეთი ტიპის გადაადგილებისთვის გამოიყოს სპეციალური ტერიტორია.
პეტრე ზამბახიძის განმარტებით, სკუტერით, მოტონავით, ჰიდროციკლით და სხვა მცურავი საშუალებებით კანონდარღვევით სარგებლობამ აჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემთხვევები ფატალური შედეგით დამთავრდა ან მოხდა სხეულის დაზიანება, რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უკმაყოფილებას.
"შესაბამისად წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სკუტერებითა და სხვა ზომამცირე მცურავი საშუალებებით სარგებლობს წესების დარღვევისთვის ადმინისტრაიცული პასუხისმგებლობის დაწესებას და ეს ჯარიმა მთლიანობაში 5-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება" - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
მისი განმარტებით, შესაძლოა დადგინდეს სპეციალური პარკირების ადგილები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის აყვანა. რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ზღვის სიღრმეში შესვლა და ასეთი საშუალებებით სეირნობა ზღვის სანაპიროდან 100 მეტრით ზღვის სიღრმეში.