პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუის ამადუს შეფასებით, საქართველო ევროპის ნაწილია.
"საქართველოს ყოველთვის შეუძლია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პორტუგალიის იმედი ჰქონდეს. ჩვენ საქართველოზე ძალიან კარგი პოზიცია გაგვაჩნია და მას მაღალი დონის პარტნიორად მივიჩნევთ", - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ამადუმ ქართველ კოლეგასთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისივე განმარტებით, ევროკავშირს "ნათლად გამოხატული პოზიცია" აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც და სურს, რომ აღნიშნულის აღდგენის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
"ევროკავშირს სურს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და ამ კუთხით მისი პოზიცია ნათლად არის გამოხატული. ჩვენ, ასევე ვიმედოვნებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დიალოგის წყალობით იქნება შესაძლებელი და ამ კუთხით პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა მნიშვნელოვანია. ეს არის გზავნილი, რომ დიალოგის გზით, თანამშრომლობის საფუძველზე ვიპოვოთ გზა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს", - დასძინა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.