სერბეთი ნატოსთან თანამშრომლობას ააქტიურებს მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შემქმნა მოსკოვის "ინტერესის საგანია".
როგორც გამოცემა The Moscow Times-ი იტყობინება, სერბეთის სამხედროები აფართოებენ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან სამხედრო ბაზაზე "იუგ"-ი, რომელიც სერბეთის სამხრეთით, ბუიანოვაჩის მახლობლად მდებარეობს.
ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელმა ალექსანდრო პედრაზამ, რომელიც კოორდინაციას უწევს სერბეთის არმიის ურთიერთქმედებას პენტაგონთან.
მისი თქმით, ვაშინგტონი და ბელგრადი გეგმავენ "იუგის" ბაზის განვითარებას, როგორც "სერბეთის არმიის ნატოს სტანდარტების მიხედვით მომზადებისა და სერბეთის სპეცრაზმის სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადების მთავარ ცენტრს".
გასულ კვირას, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთში არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზას არ უმასპინძლებს.
"სერბეთს არ სჭირდება სამხედრო ბაზები, სერბეთი შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს, გააძლიერებს საკუთარ არმიას, სერბეთი იზრუნებს თავის ხალხზე და იქნება საკმარისად ძლიერი, რომ იყოს დამოუკიდებელი", - თქვა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის ამ განცხადებას 3 დღით უსწრებდა ბელგრათში რუსეთს ელჩის, ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკოს განცხადება, სადაც მან სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობაზე მიანიშნა.
რუსეთის ელჩმა სერბეთში ბაზის არსებობას "მოსკოვის ინტერესების საგანი" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა "სერბეთის სუვერენული უფლებაა".
მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩმა სერბეთში რუსეთის სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობა ცალსახად უარყო, მან ასევე აღნიშნა, რომ ბელგრადს "არ შერცხვება რუსეთთან კავშირების", ისევე როგორც ჩინეთთან, აშშ-სა და ევროკავშირთან.
მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "სერბეთს სურს იჯდეს ერთდროულად სამ სკამზე - ევროკავშირი, აშშ, რუსეთი, მაგრამ ეს აღარ გამოვა". ბელგრადში ეს სიტყვები მოსკოვის მხარეზე დადგომის მოთხოვნად მიიჩნიეს, რომელიც კრემლმა თავისი ბელარუსი მოკავშირის მეშვეობით გააჟღერა.
მინსკში სერბეთის ყოფილი ელჩის, სრეჩკო ჯუკიჩის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ სერბეთი თავს რუსეთის მეგობრად უწოდებს, მაგრამ ამავე დროს კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს დასავლეთთან.
ჯუკიჩის თქმით, ლუკაშენკას მიერ გაჟღერებული სიტყვები სიგნალია იმისა, რომ "ბელგრადი ან მოსკოვსა და მინსკთან უნდა დადგეს, ან წავიდეს მეორე მხარეს".
ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, ამავდროულად ცდილობს, კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს მოსკოვთან, რადგან კრემლი სერბეთს ბუნებრივ აირს აწვდის ევროპაში ყველაზ დაბალ ფასად და ასევე, მხარს უჭერს კოსოვოსთან დაკავშირებით.