ექსტერემისტული დაჯგუფების, "თალიბანის" მებრძოლებმა, რომლებმაც ერთი წლის წინ, ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, 13 აგვისტოს დაარბიეს ქალთა საპროტესტო აქცია, სადაც ითხოვდნენ ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.
40-მდე ქალისგან შემდგარმა ჯგუფმა, ბოლო თვეების განმავლობაში, პირველი საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "საკვები, სამუშაო და თავისუფლება".
აქციის მონაწილეებს ასევე ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით "15 აგვისტო შავი დღეა", მიანიშნებდნენ რა იმ თარიღზე, როდესაც თალიბანმა ქაბული დაიკავა.
ქალები აპროტესტებენ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვი ავღანეთში მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სადავეებთან "თალიბანის" დაჯგუფება მოვიდა. ამავდროულად, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ქალთა მუშაობის, განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ "თალიბანმა" აქტივისტების ჯგუფის დასაშლელად გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე ქალს.
იუწყებიან, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს "თალიბანის“ მებრძოლებმა ავტომატის კონდახი ჩაარტყა.
"სამწუხაროდ, სადაზვერვო სამსახურებიდან მოვიდნენ თალიბები და ჰაერში ცეცხლი გახსნეს. დაარბიეს გოგონები, დახიეს ჩვენი ბანერები და ბევრ მათგანს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟოლია ფარსიმ.
"თალიბანმა" ავღანეთში ძალაუფლება ხელში აგვისტოში ჩაიგდო. მას შემდეგ ქვეყანაში ქალთა უფლებები უფრო და უფრო იზღუდება, მათ უფრო მეტად უკრძალავენ სწავლასა და მუშაობას. უმეტეს სკოლებში მასწავლებლებად მუშაობის უფლება მხოლოდ კაცებს აქვთ, სწავლის კი - მხოლოდ ბიჭებს.
2021 წლის ნოემბერში ქალებს აეკრძალათ ტელეფილმებში გადაღება. ქალ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს მუშაობის უფლება ჯერჯერობით ისევ აქვთ, თუმცა ვალდებული არიან სახე დაიფარონ.
გასული წლის დეკემბერში, ავღანეთში თალიბანის მიერ დაფუძნებულმა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ქალებს თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე აუკრძალა მოგზაურობა 72 კმ-ზე შორს.
სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ასევე ეკრძალებათ იმ ქალების წაყვანა, რომლებსაც სახე დაფარული არ ექნებათ. მძღოლებს ასევე აკრძალული აქვთ სალონში მუსიკის ჩართვა.
ავღანეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ოფიციალურად ზღუდავს განათლებას სქესის მიხედვით - სწორედ ეს არის მთავარი დაბრკოლება თალიბანის მცდელობებში, მოიპოვოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.