ბატონ ამირანს, მოგეხსენებათ, დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი საუბარი გუშინ ნამდვილად გვქონდა. უახლოეს დღეებში ის შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და ქალბატონი თამარ გაბუნია იქნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამ ეტაპზე, ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან წასვლა კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან.
„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს ამ თანამდებობას და ასპარეზს უთმობს უკვე სხვა ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.