ჩინეთმა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის, ტაივანში ვიზიტის გამო, სანქციები დაუწესა. იტყობინება ჩინური მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
პეკინის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ნენსი პელოსის ოჯახის წევრებსაც, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
"ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია, რაც ემსახურება ჩინეთის შიდა საქმეებში სერიოზულად ჩარევას, ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას, ერთი ჩინეთის პოლიტიკის გათელვას და ტაივანის სრუტის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უცნობია, კონკრეტულად რა ზომებს ითვალისწინებს ჩინეთის მიერ დაწესებული სანქციები, თუმა აშკარაა, რომ მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული დანიშნულება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო, რომელიც 7 აგვისტომდე გასტანს.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას.