უკრაინა იწყებს კოსოვოდან თავისი სამშვიდობოების გაყვანას, რომლებიც იქ ნატოს საერთაშორისო მისიის ფარგლებში იმყოფებიან. იტყობინება სააგენტო RBC-Ukraine უკრაინის სამხედრო სარდლობის წყაროებზე დაყრდნობით.
ამჟამად, უკრაინას კოსოვოში ნატოს მისიის ფარგლებში 40 სამშვიდობო ჰყავს განთავსებული.
კოსოვოში ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები (KFOR) 28 ქვეყნის 3 800 სამშვიდობოს აერთიანებს.
"უკრაინის ეროვნული კონტინტენტის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ KFOR-ის მისიაში მონაწილეობა დროებით შეწყდება", - ციტირებს მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წყაროს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მარტში გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამშვიდობოები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლაში.
KFOR-ის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
KFOR-ის ძალები შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად და კოსოვოში განთავსდა 1999 წლის 12 ივნისს.