კოსოვო 2022 წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ Euractiv-ის ცნობით, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალამ განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ კოსოვო აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მოსაპოვებლად ყველა კრიტერიუმს, ამიტომ წლის ბოლომდე ჩვენ ავირჩევთ შესაფერის მომენტს, რათა განაცხადი გავაკეთოთ", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, კოსოვომ შეასრულა სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების პუნქტების უმეტესობა.
"ჩვენი მოლოდინების მიხედვით, კოსოვოს გაწევრიანებას ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს, რადგან ამ ეტაპზე კოსოვო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის სფეროში", - დასძინა დონიკა გერვალამ.
კოსოვო ერთადერთია დასავლეთ ბალკანეთის ექვსეულიდან, რომელსაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი არ გაუკეთებია. კოსოვოსთვის მოსალოდნელი დაბრკოლება იქნება ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების პოზიცია, რომლებიც ჯერ კიდევ არ აღიარებენ მას - კერძოდ, ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, რუმინეთი.
მანამდე, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი კოსოვოს მკაცრი რეაგირებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ პრიშტინა ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, 11 მაისს კოსოვომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა. ქვეყანა დღეისათვის, 98-მა ქვეყანამ აღიარა. თუმცა კოსოვო არ არის უმეტეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში. პრიშტინა ისწრაფვის შეცვალოს სიტუაცია და მიზნად აქვს დასახული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ნატო-ს წევრობა.