პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში!
მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახს და მის ღირსეულ მამას, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა და ებრძოდა რუსეთის იმპერიას.
ღირსეული ადამიანი რომ დააფასო, თავად უნდა იყო ღირსეული. როდესაც არც პიროვნული და არც პროფესიული ღირსება გაქვს, კადრულობ იმას, რაც გუშინ მოვისმინეთ.
სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. დაბალი განათლება, არაპროფესიონალიზმი, უზნეობა და მოღალატეობრივი სულისკვეთება იქცა დღეს ზოგიერთი ქართული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების კრედოდ.
არაუშავს, ამასაც გავუძლებთ და აუცილებლად გავიყვანთ საქართველოს გამარჯვების გზაზე!" - წერს სოციალურ ქსელში ხუნდაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".
კობახიძემ ჟურნალისტის შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა: "ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს „რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა“ იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა", - დაწერა მან "ფეისბუქზე".