უკრაინულ კანონს თუ შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც სამხარაძე ამბობს, ისურვებდა, რომ საქართველოში ასეთი სახის კანონი არსებობდეს.
„ჩვენი მხრიდან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული იყო უკრაინულ კანონზე დაყრდნობით. თუ უკრაინულ კანონს შევხედავთ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვისურვებდი, ასეთი სახის კანონი საქართველოში გვქონდეს და ამ კანონით იმ ოლიგარქებსა და მდიდარ ადამიანებს შეეზღუდოთ პოლიტიკასა და მედიაზე გავლენების არსებობა, ვინც საეჭვო გზებით არიან გამდიდრებულები.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველასთვის ნათელია, იცით, ვინ ახდენს გავლენას ოპოზიციურ მედიებზე, ვის აქვს საკუთარი პარტიები, როგორ ერევიან მათ საქმიანობაში და ვინ აფინანსებს საპროტესტო აქციებს“,- განაცხადა სამხარაძემ.