"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი ეხმიანება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, სადაც მან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი ნონიაშვილის თქმით, "ერთობა ვერ გამოვა ანტიდასავლურ ქართულ ოცნებასთან".
"ვიოლა ფონ კრამონს გაუხსენებია საქართველოს ოფიციალური დევიზი "ძალა ერთობაშია." ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად არ მუშაობენ და ქართული დევიზით არ მოქმედებენო.
ძალიან სწორი გამოთქმაა "ძალა ერთობაშია". ოღონდ, სწორედ ამიტომ არ უნდა იყო ერთიანობაში ქართულ ოცნებასთან ევროპის დემონიზებაში, ევროინტეგრაციის გზის მოშლაში, ეროვნული ინტერესების დაზიანებაში და ოკუპაციისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებაში.
მისი თქმით, ერთობით წარმოქმნილი ძალა თავისთავად ნათელ მხარეზე ვერ გვამყოფებს. პირიქით, ბნელი მხარისკენ შეიძლება გადაგვტყორცნოს. სწორედ იმიტომ, რომ "ძალა ერთობაშია" მავნებლობას გვერდით არ უნდა დაუდგე, ძალა არ უნდა მისცე", - ამბობს ნონიაშვილი.
შეგახსენებთ, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა: "საქართველოს დევიზი ამბობს, „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც ძალას. ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა არა ცალკეული პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას შეაქვს წვლილი და ყველა იღებს დაფასებას".