არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად ნატო-ს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში.
ხუდაძე წერს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.
„არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს.
ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო აცდეს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.