რუსეთის მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც, კრემლის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ "არამეგობრულ ქმედებებს" სჩადიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, "არამეგობრულ ქვეყანათა" რიცხვს დაემატა - საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.
ამ დროისთვის, იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც რუსეთი არამეგობრულად მიიჩნევს, 48 სახელმწიფოა.
მთავრობის დღევანდელი განკარგულებით საბერძნეთს, დანიას, სლოვენიას, ხორვატიას და სლოვაკეთს რუსეთში დიპლომატიური მისიის თანამშრომლების დაქირავების შესაძლებლობა უზღუდავს.
მარტის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა "არამეგობრული ქვეყნების" სია. მაშინდელი განკარგულების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც "არამეგობრული ქვეყნების" კრედიტორების მიმართ უცხოური ვალუტის ვალდებულებები აქვთ, ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭათ.
გარდა ამისა, ამ ჩამონათვალში არსებული ქვეყნების მოქალაქეებსა და კომპანიებთან რუსული კომპანიების ყველა ტრანზაქცია დამტკიცდება უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიის მიერ.