"ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ქართული ოცნების ზოგიერთი წევრის განცხადებებზე არამხოლოდ ელჩის, არამედ მთლიანად აშშ-ს მიმართ, რაც თავადაც აღნიშნეს, მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა, იმიტომ რომ მე არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადება", - ასე აფასებს ევროპული საქართველოს პოლტისაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
მისი თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება ხოლმე არა სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების საპასუხოდ, არამედ არაკეთილგანწყობილი და მტრული ქვეყნების მისამართით, მათ გაკეთებულ განცხადებებზე. ასეთები ხშირად ხდება რუსეთთან, ბელორუსთან და ასე შემდეგ.
„თუ საქართველოსა და მის ხელისუფლებას უნდა, რომ ამ რიგში ჩაეწეროს, მაშინ ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს. ძალიან ცუდია ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, აქ არ არის მხოლოდ აშშ-ს ელჩის დისკომფორტზე საუბარი, პირიქით, მე ვფიქრობ ძალიან კარგად ხვდებიან რა წინააღმდეგობები აქვს აქ ელჩს და რასთან უხდება გამკლავება, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ სახელისუფლებლო პარტიის ლიდერები.
აქ საუბარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაზე, რომელიც ათწლეულებია საქართველოს მთავარი მოკავშირეა.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.