მგონი, დროა, ბიძინა ივანიშვილმაც გასცეს კითხვებს პასუხი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ხომ არ იყო კომუნიკაცია ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ მის მიმართ. დროა, ეს კითხვები ამ ადამიანსაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, მიმდინარეობს ზეწოლა ქვეყანაზე, - განაცხადა პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, "იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი".
„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფაქტობრივად კომენტარს არ აკეთებს, არ ასვენებენ. წელიწად-ნახევრის წინ დატოვა პოლიტიკა, ხელისუფლება, რომელიც მუდმივად პროცესშია და არაერთხელ ავხსენი, შეუძლებელია, ვინმე ისე მართავდეს არაფორმალურად. წარმოუდგენელია, ფაქტების გარეშე დაადანაშაულო ადამიანი, რომ არაფორმალური მმართველია. ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ქვეყანასაც უფრთხილდება, ამ პროცესსაც და არ ერევა ამ საკითხში, თუმცა კვანძები, რაზეც ვსაუბრობ, 6-თვიანი ვადა, კელი დეგნანის პოზიცია, რიგი საკითხები, რევოლუციური სცენარი, „კრედიტ სუისის“ თემა, განმაცვიფრებელი დამოკიდებულებაა ბანკის მხრიდან კლიენტთან მიმართებით – მიუხედავად იმისა, რომ არ ჩნდება ეს ადამიანი, ალბათ უკვე საჭიროა, ვკითხოთ. არ არის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილსაც დავუსვათ კითხვები, რა ხდება ამ პროცესში. ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ სახელით და გვარით მოუწოდებენ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უშლი ხელს ევროკავშირში შესვლას, შენ უნდა დატოვო ქვეყანა და ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს. მე თვითონ გამიჩნდა კითხვა, მგონი, დროა, ამ ადამიანმაც გასცეს კითხვებს პასუხი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ხომ არ იყო კომუნიკაცია ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ მის მიმართ. დროა, ეს კითხვები ამ ადამიანსაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, მიმდინარეობს ზეწოლა ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.