"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილი წერილი მიზნად ისახავს, რომ "ყველაფერს მოეფინოს ნათელი".
ამავე დროს, წერილზე საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილს არავის დაცა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია თავის დაცვა. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა".
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რათა საჯაროდ დაფიქსირდეს ევროკომიის პოზიცია და სპეკულაციებისთვის ადგილი არ დარჩეს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც გაეგზავნა ევროკომისიის ხელმძღვანელს და მთავარი მიზანი არის რა, თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც რეზოლუცია პარლამენტის, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, რომ ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, რადგან სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე. იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის, ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი ფორ დერ ლაიენერის პასუხი".- ამბობს კობახიძე.