შეერთებული შტატებსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებს სურთ, გამოიყენონ დიპლომატიური საშუალებები, რათა ირანს არასოდეს მიეცეს ბირთვულ იარაღზე წვდომა. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა კვირას, 17 ივლისს ღამით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართული არაბულ-ამერიკული სამიტის შემდეგ.
დოკუმენტის თანახმად, ირანის ბირთვულ იარაღზე წვდომის აღსაკვეთად დიპლომატიური ძალისხმევა იქნება ცენტრალური მნიშვნელობის.
საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ირანიდან პოტენციურ საფრთხეებზე საუბარს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ბევრ თქვენგანთან, რათა დავუპირისპირდეთ ირანის საფრთხეებს რეგიონისთვის, ჩვენ ასევე ვცდილობთ გამოვიყენოთ დიპლომატია ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად", - თქვა მან.
ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ძალისხმევას, ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელახლა ასამოქმედებლად.
"როგორც არ უნდა იყოს, შეერთებული შტატებს გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს, რომ ირანმა არასოდეს მოიპოვოს ბირთვული იარაღი", - თქვა ბაიდენმა.
თავის მხრივ, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი ჯედაში გამართულ სამიტზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობისკენ მოწოდებით გამოვიდა.
"ჩვენ ვიწვევთ ირანს, როგორც მეზობელ სახელმწიფოს, ითანამშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან და იყოს ამ საერთო სურათის ნაწილი", - დასძინა პრინცმა. მისი თქმით, აუცილებელია, ირანმა ითანამშრომლოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.
მანამდე, ბაიდენის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ღიად დაემუქრა ირანს მტკიცე პასუხით, თუ ის განაგრძობს ბირთვული პროგრამის გაფართოებას.
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, ბაიდენის ვიზიტის შედეგად შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს 18 დოკუმენტს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულებები ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კოსმოსისა და ჯანდაცვის სფეროებში.
შაბათს, 16 ივლისს, ჯედაში გამართულ სამიტზე, ბაიდენმა დაარწმუნა მოკავშირეები, რომ შეერთებული შტატები "არ დატოვებს" ახლო აღმოსავლეთს, რათა თავიდან აიცილოს "ვაკუუმი, რომელიც შეივსება ჩინეთის, რუსეთისა თუ ირანის მიერ".
ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან წვდომის დაუშვებლობაზე ჯო ბაიდენმა ისრაელში ვიზიტის დროსაც გაამახვილა ყურადღება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივ დეკლარაციაში პირობა დადეს, რომ ხელს შეუშლიან ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში.