ისრაელისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევი დარჩება, - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 ივლისს ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტის დროს გააკეთა.
ბაიდენის განცხადებით, დღეს აშშ-სა და ისრაელს შორის კავშირები "უფრო ღრმა და ძლიერია", ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ბენ გურიონის აეროპორტში ამერიკელ ლიდერს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და მისი წინამორბედი ნაფტალი ბენეტი დახვდნენ.
დახვედრის ცერემონიაზე ლაპიდმა თქვა, რომ ბაიდენი არის "ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია".
ერთ-ერთი თემა, რომელზეც მხარეები ბაიდენის ისრაელში ვიზიტისას განიხილავენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. გარდა ამისა, დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში "უსაფრთხოების არქიტექტურისა" და "ეკონომოკიური არქიტექტურის" საკითხები.
ამ საკითხებში მთავარი როლი უნდა შეარულოს "აბრამიის შეთანხმებამ", რომლის თანახმადაც არაერთმა არაბულმა სახელმწიფომ განაახლა ურთიეროთობები ისრაელთან.
"აბრაამის შეთანხმება", რომელიც ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იქნა ინიცირებული.
ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თავის ერთგულებას "ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" იდეის მიმართ, მაგრამ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების რაიმე ახალი კონცეფციის შეთავაზებას არ გეგმავს.
აშშ-ის მიზანია, თეირანის შეკავების გასაძლიერებლად, წაახალისოს ისრაელის შემდგომი ინტეგრაცია მეზობელ არაბულ ქვეყნებთან.
ამავდროულად, 14 ივლისს, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იარი ლაპიდმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც პირობა დადეს, რომ არ დაუშვებენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას.
ბაიდენის შეხვედრა პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან 15 ივლისს არის დაგეგმილი.
15 ივლისს, ბაიდენი ისრაელიდან საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდაში გაემგზავრება. ბაიდენი საუდის არაბეთის ლიდერებს შეხვდება და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეთა სამიტს დაესწრება.
საუდის არაბეთში ბაიდენი შეხვედრას გამართავს მეფე სალმანსა და მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. ბაიდენი ეცდება, დაარწმუნოს საუდის არაბეთის ლიდერები, გაზარდოს ნავთობის მოპოვება და ექსპორტი, რათა შეაკავოს ამ ენერგორესურსზე ფასების ზრდა.
ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ გააკრიტიკეს საუდის არაბეთში დაგეგმილი ვიზიტის გამო.
2019 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა პირობა დადო, რომ პასუხისმგებლობას დააკისრებდა ერ-რიადს საუდის არაბეთის ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის. ხაშოგი 2018 წლის შემოდგომაზე სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, მკვლელობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის ბრძანებით განხორციელდა.