პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ორ კოლეგასთან ერთად, "ქართული ოცნების რიგები დატოვა, აქებს საკრებულოს წევრებს, რომელთაც მმართველი პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ხუნდაძის მტკიცებით, საკრებულოს წევრებმა "ქართული ოცნება" სამშობლოს დასახმარებლად დატოვეს.
"მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, რომლებისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს. ოპონენტების დიდი ნაწილი, ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობს, მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ, „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლასა და დეპოლარიზაციის შემცირებას. მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ, პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენ ბევრ საინტერესო საკითხს განიხილავთ და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" დატოვეს ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოების წევრებმა.
როგორც საკრებულოს წევრები იტყობინებიან, მათ სურთ, რომ საზოგადოებას თამამად ესაუბროს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში.