გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი აცხადებს, რომ არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად გამართულ რბოლაში.
"კოლეგებსა და ოჯახთან საგულდაგულოდ განხილვის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, არ ჩავერთო კონსერვატიული პარტიის ლიდერობის კონკურსში. მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც მხარდაჭერას გამოხატავდა ჩემი კანდიდატურის მიმართ", - ამბობს თავდაცვის მდივანი.
ბენ უოლასის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო.
"მაგრამ ჩემი ყურადღება გამახვილებულია ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე და ამ შესანიშნავი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ყველა კანდიდატს წარმატებებს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ სწრაფად დავუბრუნდებით იმ საკითხებზე ფოკუსირებას, რომელთა გადასაჭრელადაც აგვირჩიეს", - დაწერა მან "ტვიტერში".
გამოკითხვების თანახმად, ბენ უოლასს ყველაზე მაღალი შანსი ჰქონდა, კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაეკავებინა.
ამ დროისთვის, კონსერვატიულ პარტიის ლიდერობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა გამოთქვა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.
უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება წესები და გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შეირჩევა პარტიის ახალი ლიდერი.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ნომინირებისთვის აუცილებელია 8 თანაპარტიელის მხარდაჭერა. კენჭისყრის პირველი რაუნდი დეპუტატებს შორის ჩატარდება და მეორე ტურში ის გავა, ვინც ხმების 5%-ს მაინც დააგროვებს (ანუ 18 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება).
მეორე ტურის გადასალახად უკვე 36 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ყოველ შემდგომ რაუნდში ის კანდიდატი გამოეთიშება რბოლას, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება და ასე, სანამ ორი კანდიდატი არ დარჩება. ამ ორს შორის არჩევანს კონსერვატიული პარტიის წევრები გააკეთებენ ფოსტის საშუალებით. გამარჯვებული გახდება პარტიის ლიდერი და შემდგომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაური.