დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის შესარჩევ რბოლაში, რის შემდეგაც, გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობას ჩაუდგება სათავეში.
"კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად და თქვენს პრემიერ მინისტრად ვასახელებ ჩემს კანდიდატურას. მოდით, აღვადგინოთ ნდობა, აღვადგინოთ ეკონომიკა და გავაერთიანოთ ქვეყანა", - ციტირებს გაზეთი The Guardian-ი სუნაკის სიტყვებს, რომელმაც უკვე დაიწყო სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია.
"მე მსურს გავუძღვე ქვეყანას სწორი მიმართულებით", - დასძინა სუნაკმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა თავის გამოცდილებას პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საქმეში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რატომ არის იგი შესაფერისი ამ თანამდებობისთვის.
"მე ვმართავდი მთავრობაში ყველაზე რთულ დეპარტამენტს ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენ კორონავირუსის კოშმარის წინაშე აღმოვჩნდით", - თქვა მან.
"ჩემი ფასეულობებია: პატრიოტიზმი, სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა. საკმარისია დაყოფა. მთელი ჩემი კარიერა მივუძღვენი ხალხის გაერთიანებას, რადგან ეს არის წარმატების ერთადერთი გზა."
რამდენიმე კონსერვატიულმა დეპუტატმა სწრაფად დაუჭირა მხარი სუნაკს, როგორც ლიდერობის სასურველ კანდიდატს.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.
უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება წესები და გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შეირჩევა პარტიის ახალი ლიდერი.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ნომინირებისთვის აუცილებელია 8 თანაპარტიელის მხარდაჭერა. კენჭისყრის პირველი რაუნდი დეპუტატებს შორის ჩატარდება და მეორე ტურში ის გავა, ვინც ხმების 5%-ს მაინც დააგროვებს (ანუ 18 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება).
მეორე ტურის გადასალახად უკვე 36 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ყოველ შემდგომ რაუნდში ის კანდიდატი გამოეთიშება რბოლას, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება და ასე, სანამ ორი კანდიდატი არ დარჩება. ამ ორს შორის არჩევანს კონსერვატიული პარტიის წევრები გააკეთებენ ფოსტის საშუალებით. გამარჯვებული გახდება პარტიის ლიდერი და შემდგომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაური.