პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე.
სამხარაძის თქმით, ევროპელი კოლეგები ეუბნებიან, რომ არახამია შეხვედრებზე დადის და ამბობს, საქართველო არ უნდა იყოს მიღებული, უნდა დავასანქციროთ გარკვეული პირებიო.
მისივე თქმით, ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი.
"საერთოდ არ მაინტერესებს გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების არც მესიჯები და არც მათი მომართვები. მგონი, არც ქართულ საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ იცავს აბრამოვიჩს, რომელიც თურმე რუსი ოლიგარქი არ ყოფილა და არ უნდა იყოს დასანქცირებული. ამაზე მეტი ლუსტრაცია საჭირო აღარ არის.
ევროპელი პარტნიორები ამ განცხადებებს რომ ისმენენ, გეკითხებიან, რა ხდება. შემდეგ, როდესაც გაეცემა ნათელი პასუხი, ისინი ჩვენი პასუხებით კმაყოფილი არიან. თუმცა რა თქმა უნდა, ცდილობს, დააზიანოს, რადგან როგორც ევროპელმა კოლეგებმა მითხრეს, შეხვედრებზეც კი დადის და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს მიღებული, უნდა დავასანქციროთ გარკვეული პირები და ა.შ. ანუ გარუსებული ქართველები არიან ყველაზე საშიში", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.