კარგი ამბავი მაქვს, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციების საკითხი საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში მინდა, საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი ბუნებრივია, არ დაზარალდება, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა, შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, არის პრობლემა, როგორ მოხდეს მისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია. ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლობის მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები. ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან“, – განაცხადა არახამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.